ლესბოსელი წყვილი შაბათის ფორმულას უყვება, რომ ნაქირავები სახლის მეპატრონემ მათ სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაპირისპირების მიზეზად კი განსხვავებულ სექსუალურ იდენტობას ასახელებენ.
სავარაუდო მოძალადის მეზობლებისა და ნათესავების მტკიცებით კი დაპირისპირების მიზეზი მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა იყო. ისინი კაცის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას უარყოფენ. მათი ვერსიით ქალებმა ერთმანეთი სცემეს და გულის წასვლა გაითამაშეს.
დაზიანებების არსებობას ადგილზე მისული სასწრაფოს პირველადი გამოკვლევა ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად ორივე ქალს აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ჰემატომა ყელის, ხელისა და თავის უკანა არეში. ამის მიუხედავად პროკურატურამ ლესბოსელი წყვილი დაზარალებულად არ სცნო. ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გამოქვეყნებამდე მიიღეს.
სავარაუდო თავდამსხმელი გამოძიების დაწყებისთანავე არ დაუკავებიათ და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყიათ მის წინააღმდეგ.
დაზარალებულები ყვებიან, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდო, მოძალადე და მისი ნათესავები მათ დაშინებას ცდილობდნენ.